English / ქართული / русский /
მამუკა ხუსკივაძე
საქართველოს ეკოლოგიური პოლიტიკა მდგრადი განვითარების კონტექსტში

შესავალი

დამოუკიდებლობის მოპოვებისა დაპოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის დაწყებისთანავე საქართველოს წინაშე გაჩნდა ახალი გამოწვევები და დღის წესრიგში დადგა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ფორმირებისა და რეალიზაციის აუცილებლობის საკითხი. ამგვარი სტრატეგიის მთავარი მიზანი საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლება უნდა ყოფილიყო, რაც  მოსახლეობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ინტერესების ოპტიმალური შეთანაწყობითა და დაკმაყოფილებით იქნებოდა შესაძლებელი.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის, ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან ერთად, არანაკლებ აქტუალური იყო  ეკოლოგიური უსაფრთხოების ეროვნული ინტერესის დაკმაყოფილების საკითხიც, ვინაიდან საქართველო პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პროცესის დასაწყისს შეხვდა მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემებით, რომელთა გენეზისი მოხდა გეგმური ეკონომიკური სისტემის პირობებში.  იმ გარემოებამ, რომ აღნიშნული ეკონომიკური სიტემისათვის მთავარი იყო ინდუსტრიული ზრდა, ეკოლოგია არ განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტების სისტემაში. შესაბამისად, ბუნებრივ რესურსებზე საზოგადოებრივმა საკუთრებამ და გარემოსდაცვითი მოთხოვნების უმრავლეს შემთხვევაში იგნორირებამ, საფუძველი ჩაუყარა აღდგენადი რესურსების ზეექსპლუატაციასა და დეგრადაციას, არააღდგენადი რესურსების ამოწურვას, გარემოს სისუფთავის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას და ზოგადად ეკოლოგიური წონასწორობის რღვევას.

გარდა ამისა, პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის დასაწყისში საქართველოში გაჩნდა ე. წ. „ეკოლოგიური იმპერიალიზმის საფრთხე“, როდესაც ქვეყნებს, სადაც მოქმედებს მკაცრი გარემოსდაცვითი სტანდარტები, „ჭუჭყიანი“ საწარმოები გადააქვთ იმ ქვეყნებში, სადაც ეკოლოგიური შეზღუდვები სუსტია.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა დღის წესრიგში დააყენა სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართული საქმიანობის განხორციელების აუცილებლობის საკითხი ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის სფეროში. მაშასადამე, საჭირო გახდა ისეთი ეკოლოგიური პოლიტიკის ფორმირება, რომლის სტრატეგიული მიზანი უნდა ყოფილიყო ეკოლოგიური სისტემების მდგრადობის მიღწევა მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისა და ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რომელიც გადაჭრიდა ორ უმთავრეს ამოცანას:

- ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის ოპტიმალური გამოყენების უზრუნველყოფა და მისი კვლავწარმოებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

- გარემოზე უარყოფითი ანთროპოგენური ზემოქმედების შემცირება გაჭუჭყიანების მინიმიზაციისა და ნარჩენების მართვის ეფექტიანი მოდელის მეშვეობით.

მდგრადი განვითარება, როგორც ახალი პარადიგმა საქართველოსთვის

მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრიდან, გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესების გააქტიურების პარალელურად,  მნიშვნელოვნად დაჩქარდა მსოფლიო ეკონომიკური განვითარება. საწარმოო პროცესების მასშტაბების გაფართოებით, რაც ძირითადად ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის შეუზღუდავმა გამოყენებამ განაპირობა, მრავალ ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა ეკონომიკური ზრდის ტემპები. სხვადასხვა კვლევის შედეგების მიხედვით ბოლო ასი წლის განმავლობაში მსოფლიოში შრომისმწარმოებლურობა გაიზარდა საშუალოდ 5-ჯერ, მათ შორის განვითარებად ქვეყნებში 6-ჯერ, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში - 6,5-ჯერ.

ამავე პერიოდში მომპოვებელი მრეწველობის, სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მეურნეობის ჯამურმა პროდუქციამ მსოფლიო მშპ-ის მიახლოებით 12-15% შეადგინა და ამჟამადაც ხასიათდება ზრდის ტენდენციით. აღნიშნული ნათლად ადასტურებს გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედების გაძლიერებას, რისი შედეგიც გახდა პლანეტაზე ეკოლოგიური წონასწორობის რღვევა და ეკოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. კიდევ უფრო გაღრმავდა ისტორიულად ჩამოყალიბებული დისბალანსი ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და მათი კვლავწარმოების მასშტაბებს შორის.

პრაქტიკულად ჩამოყალიბდა ტექნოგენური განვითარების ტიპი და კაცობრიობა შეეჯახა ისეთ გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებს, როგორიცაა: ოზონის შრის შემცირება, კლიმატის დათბობა, მჟავური წვიმები, გაუდაბნოება, ბიომრავალფეროვნების შემცირება და სხვა. დედამიწაზე სასიცოცხლო პირობების მკვეთრი გაუარესების გამო ეკონომიკური ზრდის ტრადიციული მოდელი სულ უფრო და უფრო ვეღარ უზრუნველყოფდა საზოგადოების განვითარების აქტუალური პრობლემების გადაჭრას.  ეკონომიკის ეკოლოგიზაციისა და სოციალიზაციის აუცილებლობამ დღის წესრიგში დააყენა მსოფლიო სოციუმისათვის განვითარების ახალი მოდელის შექმნის საკითხი, რომელსაც შეეძლებოდა პლანეტაზე სიცოცხლის შენარჩუნება და საზოგადოების შემდგომი დინამიკური განვითარების უზრუნველყოფა.

სწორედ განვითარების ახალი მოდელისა და პრინციპების შემუშავების მიზნით, 1987 წელს გაერთიანემული ერების ორგანიზაციისა და განვითარების კომისიის მოხესნებაში „ჩვენი საერთო მომავალი“ შემოთავაზებულ იქნა მდგრადი განვითარების სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებდა ისეთი ეკონომიკური განვითარების ვექტორს, რომელიც შეძლებდა ახლანდელი თაობების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მომავალი თაობების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის საფრთხის შექმნის გარეშე ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, მშპ-ის ზრდას ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გარეშე.

უფრო მოგვიანებით, 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გაეროს ეგიდით ჩატარებულ წარმომადგენლობით კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული მოდელის, აგრეთვე ეკოტევადი განვითარების შენარჩუნების პირობებში ცივილიზაციის მონაპოვარი, საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის ჩათვლით, განწირულია გაქრობისათვის და მონაწილე ქვეყნების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მდგრადი განვითარების კონცეფციის მიღებისა და მისი პრინციპების რეალიზაციის აუცილებლობის შესახებ. მთავარ ეკოლოგიურ პრობლემებად მოხსენებაში „გლობალური ეკოლოგიური პერსპექტივა-2000“ დასახელდა: კლიმატის ცვლილება, მტკნარი წყლის დეფიციტი და მისი სისუფთავის ხარისხი, ტყის მასივების შემცირება და გაუდაბნოების მასშტაბების ზრდა, ბიომრავალფეროვნების შემცირება და დეგრადაცია, ურბანიზაცია და ბუნებრივი რესურსების ამოწურვის საფრთხე.

მდგრადი განვითარების მოდელის იდეებმა განსაკუთრებული გავრცელება პოვა ბოლო ათწლეულებში. პრაქტიკულად, მრავალი საერთაშორისო დოკუმენტი და შეთანხმება, აგრეთვე მრავალი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები შეიცავს დებულებას მდგრად განვითარებაზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ, რაც ითვალისწინებს ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური განვითარების აქტივიზაციას, რათა თაობებიდან თაობებამდე არ დაქვეითდეს ადამიანების ცხოვრების ხარისხი, უსაფრთხოება და გადაწყდეს საზოგადოებისა და ბუნების ჰარმონიული განვთარების, ანუ კოევოლუციის ამოცანა.

ამჟამად, მრავალ ქვეყანაში მიღებულია მდგრადი განვითარების კონცეფცია მათთვის დამახასიათებელი სპეციფიკური თავისებურებების გათვალისწინებით, სრულყოფას განიცდის სამართლებრივი ბაზა, იქმნება სხვადასახვა კომისიები და ა.შ. მდგრადი განვითარების ტრაექტორიაზე გადასვლის მიზნით სულ უფრო და უფრო მეტ მხარდაჭერას პოულობს მდგრადი წარმოებისა და მდგრადი მოხმარების მოდელები და მატულობს საზოგადოების სხვადასხვა ფენის  (მეცნიერების, ბიზნესმენების და სხვათა) მონაწილეობის ხარისხი მდგრადი განვითარების პრობლემების გადაჭრაში.

მდგრადი განვითარების  არსებული მდგომარეობის შესაფასებლად გაეროს მიერ მიღებულ დოკუმენტში „XXI საუკუნის დღის წესრიგი“ შემოთავაზებულ იქნა მეთოდიკა, რომლის კრიტერიუმები და ინდიკატორები ახასიათებს მდგრად განვითარებას ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ-ინსტიტუციურ ასპექტებში.

აღნიშნული მეთოდიკით  მდგრადი განვითარება ეკონომიკურ ასპექტში იზომება ორი მაჩვენებლით:

ა) კონკურენტუნარიანობის ინდექსით, რომელსაც აქვეყნებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი [8].

ბ) ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, რომელსაც ქვეყნებისათვის განსაზღვრავს The hezitage Foundation-ის ცენტრი [7].

მდგრადი განვითარების შეფასება ეკოლოგიურ ჭრილში ხდება ეკოლოგიური მდგრადობის ინდექსით, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს იელის უნივერსიტეტის ეკოლოგიური კანონმდებლობისა და პოლიტიკის ცენტრი [6].

სოციალური-ინსტიტუციური თვალსაზრისით მდგრადი განვითარება ხასიათდება ორი ინდექსით:

ა) ადამიანის განვითარების ინდექსი, რომელიც გაიანგარიშება გაეროს მიერ [9].

ბ) ცხოვრების ხარისხი, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს საერთაშორისო ორგანიზაცია Internacional living [5].

შეიძლება ითქვას, რომ საბაზრო გარდაქმნების პერიოდში, განსაკუთრებით მის საწყის ეტაპზე, საქართველოს ხელისუფლება უპირატესად ორიენტირებული იყო ეკონომიკური შედეგების მიღებაზე და არასათანადო ყურადღება ექცეოდა მდგრადი განვითარების პრინციპებისათვის ქვეყნის განვითარების სტრატეგიის მორგებას. მდგრადი განვითარების იდეების მხარდაჭერა ზოგიერთ დოკუმენტში მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს  ატარებდა. ამის ნათელი დადასტურებაა ის გარემოება, რომ ჩვენს ქვეყანაში არ მომხდარა იმ პრიორიტეტების განსაზღვრა, რომლებსაც უნდა შეექმნა წანამძღვრები მდგრადი განვითარების ტრაექტორიაზე გადასვლისათვის. კერძოდ, საერთოდ არ ექცეოდა ყურადღება ან არასათანადო დონეზე ხდებოდა ისეთი პრიორიტეტების გამოყოფა, როგორიცაა:

-           ეფექტიანი მდგრადი წარმოებისა და მდგრადი მოხმარების მოდელებისა და მათი პრაქტიკული რეალიზაციის მექანიზმების შემუშავება;

-           ეკოტექნოლოგიური მოდელების გამოყენება;

-           ენერგორესურსების გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებისა და ენერგოდაზოგვის უზრუნველყოფა;

-           სიღარიბის დონის შემცირება და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება;

-           მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ქმედითი მექანიზმების შემუშავება და პრაქტიკაში განხორციელება;

-           ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის დეგრადაციის სხვადსახვა  სახის გამოვლინების ნეიტრალიზაცია;

-           ეფექტიანი გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება;

-           ნარჩენების მართვის ეფექტიანი მოდელის შექმნა;

-           ეკონომიკის სხვადასხვა  დარგის ეკოსტრუქტურული მოდერნიზაცია და ეკოლოგიურად ორიენტირებული ინფრასტრუქტურის შექმნა;

-           განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ა.შ.

აღნიშნული არც არის გასაკვირი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არ გამხდარა აქტუალური მდგრადი განვითარების კონცეფციის შემუშავება და მისი განხორციელების მექანიზმების ფორმირება. მოგვიანებით, საქართველომ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით აიღო მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავების ვალდებულება, თუმცა ეს საკითხი დღემდე არ გადაჭრილა. მიმდინარე პერიოდში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი ვალდებულება და პასუხისმგებლობა ეკისრება მდგრადი განვითარების მიმართულებით საქმიანობის აქტივიზაციისათვის. ევროკავშირის ქვეყნები და მათი მოსახლეობა, ეკონომიკური კეთილდღეობის გარდა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დიდ ყურადღებას აქცევს ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებასა და ჯანსაღ  ეკოლოგიურ გარემოში ცხოვრებას. ამიტომ ლოგიკურად უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში უახლოეს პერიოდში აუცილებლად დადგება მდგრადი განვითარების კონცეფციის შემუშავების აუცილებლობის საკითხი.

მდგრადი განვითარების ზემოთ აღნიშნული ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალურ-ინსტიტუციური კრიტერიუმების მიხედვით, სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების  კვლევების შედეგების თანახმად საქართველოში მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა მდგრადი განვითარების აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით საქართველოს გააჩნია ეკოლოგიურ ჭრილში.

როგორც ცნობილია, ამჟამად მსოფლიო შესულია განვითარების ახალ -გლობალიზაციის სტადიაში და ადგილი აქვს გლობალიზაციის შეუქცევად პროცესებს, რომელშიც საქართველო გარკვეული დოზით არის ჩართული. გლობალიზაციის პროცესი ზრდის გარემოზე უარყოფით ანთროპოგენურ ზემოქმედებას და კიდევ უფრო ზრდის დამოკიდებულების მასშტაბებს ბიოსფეროსა და ადამიანს შორის. აღნიშნული პროცესი საქართველოს წინაშე ახლებურად აყენებს ეკოლოგიური პროცესების რეგულირებისა და მდგრადი განვითარების მოდელის რეალიზაციის საკითხებს. ეს კი, თავის მხრივ მოითხოვს ეკოლოგიური პოლიტიკის ფორმირების ახლებური პრინციპების გათვალისწინებას და ამგვარი პოლიტიკის ეკოლოგიის სფეროში ლიდერ ქვეყნებთან კონვერგენციის აუცილებლობას.

ეკოლოგიური პოლიტიკის ფორმირების სტრატეგია და პრიორიტეტები საქართველოში

პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირველ წლებში (1991-1995) ადგილი ჰქონდა ხელისუფლების არაკომპეტენტურობას ეკოლოგიის სფეროში  და ხორციელდებოდა მხოლოდ ერთეული, მეცნიერულად დაუსაბუთებელი გარემოსდაცვითი ღონისძიებები. ამ ეტაპს შეიძლება ვუწოდოთ „ეკოლოგიური უხელისუფლებობის პერიოდი“.

ამ პერიოდში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება ერთი მხრივ შეანელა იმ გარემოებამ, რომ ეკონომიკური კავშირების მოშლამ, გასაღების ბაზრების დაკარგვამ და ახალი ინტეგრაციული ურთიერთობების ჩამოყალიბების ნელმა ტემპებმა გამოიწვია ეკონომიკური  აქტიურობის დაქვეითება, რის შედეგადაც საგრძნობლად შემცირდა სამრეწველო საწარმოების მიერ მოხმარებული დაბინძურებული წყლებითა და სასოფლო-სამეურნეო შხამქიმიკატებით წყლის რესურსების გაჭუჭყიანება, იკლო აგრეთვე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მასშტაბებმა. თუმცა, საავტომობილო გზების, საკანალიზაციო და სხვა კომუნალური სისტემების, ჩამდინარე წყლების ფილტრაციის და სხვა სისტემების მოშლამ გაზარდა ეკოლოგიურ პროცესებზე არასამრეწველო სექტორის ზეგავლენა. ფაქტობრივად გაუქმდა საყოფაცხოვრებო და პირადი ნარჩენების შეგროვების სისტემა და შეუძლებელი გახდა მათი მართვის პროცესის განხორციელება. ეკონომიკური და არაეკონომიკური ფაქტორებით განპირობებული სახელმწიფო კონტროლისა და მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირების გაუარესების გამო საფუძველი ჩაეყარა ბუნებრივი რესურსების ზეექსპლუატაციას და მისმა გამოყენებამ მიიღო შეუზღუდავი და სტიქიური ხასიათი. გაფართოვდა ნიადაგის ეროზიისა და გაუდაბნოების მასშტაბები და შემცირდა სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაყოფიერება. უკვე გაჩნდა გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსების პრობლემები სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის გამო. როგორც ცნობილია, მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელებისას პირველი მსხვერპლი ხდება დანახარჯები გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსებაზე. უფრო მეტიც, საქართველოს 1993-94 წლებში საერთოდ არ ჰქონდა წინასწარ დამტკიცებული ბიუჯეტიც კი. ამდენად, გარემოს დაცვამ მიიღო სტიქიური ხასითი. ამ პერიოდში საერთოდ მოიშალა სტატისტიკური აღრიცხვიანობის სისტემა გარემოს დაცვის სფეროში.

საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადასვლის დასაწყისში ეკოლოგიურ დესტაბილიზაციას, საბაზრო მექნიზმების ჩანასახოვან სტადიაში არსებობისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის არაეფექტიანობასთან ერთად, ხელი შეუწყო ახალმა ინსტიტუციურმა პარადიგმამ. კერძოდ, ბუნებრივ რესურსებზე საკუთრების უფლების განუსაზღვრელობამ, მათზე ხელისუფლების სხვადასხვა დონეებს შორის საკუთრების უფლების არასწორმა განაწილებამ ხელი შეუწყო არასწორ ფასწარმოქმნას შემცირების მიმართულებით. ამან გაზარდა მოთხოვნა ბუნებრივ-რესურსულ პოტენციალზე და საფუძველი ჩაუყარა არარაციონალურ ბუნებათსარგებლობას, დააჩქარა მისი დეგრადაცია და ზეექსპლუატაცია.

1995 წელს, ხელისუფლების მიერ მეტ-ნაკლებად იქნა რა  გაცნობიერებული ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და გარემოს დაცვის პრობლემები და ჯანსაღი ეკოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებაში, კონსტიტუციაში ადამიანის ერთ-ერთ უფლებად ჯანსაღ  გარემოში ცხოვრების უფლება განისაზღვრა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლამდე საქართველო შეუერთდა რამდენიმე კონვენციას. პირველი კანონი გარემოს დაცვის სფეროში, კერძოდ საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“, მხოლოდ 1996 წელს იქნა მიღებული. ამ კანონით განისაზღვრა ბუნებრივი რესურსების მართვისა და გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპები და რეგულაციები ჩვენს ქვეყანაში, ასევე გარემოს დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმების ყოველ 5 წელიწადში მომზადება და მდგრადი განვითარების კონცეფციის შემუშავება, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე არ არის შესრულებული. შემდეგ წლებში გაგრძელდა ეკოლოგიის სფეროში სამართლებრივი ბაზის მოწესრიგება და მიღებულ იქნა  კანონები: ცხოველთა სამყაროს შესახებ (1996), ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ (1995), დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ (1996), წიაღის შესახებ (1997), წყლის შესახებ (1997), გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ (1998), ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ (1999), კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და დაცვის შესახებ (1998). მიღებულ იქნა, აგრეთვე, საქართველოს ტყის კოდექსი (1999). ამ  კანონების მიღება იყო დროული და ძირითადად პასუხობდა დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ზოგიერთი კანონი გარკვეულწილად პასუხობდა კიდეც ევროკავშირის მოთხოვნებსა და რეგულაციებს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი კანონით ჩამოყალიბდა მხოლოდ ზოგადი ნორმები და პრინციპები, მათი გაშლა კანონქვემდებარე აქტებით აღარ მომხდარა და არც რეალიზაციის მექანიზმები შემუშავებულა.

2000 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს დაამტკიცა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მომზადებული გარემოს დაცვის მოქმედებათა პირველი ეროვნული პროგრამა, რომელიც მოიცავდა 2000-2004 წლებს. ეს დოკუმენტი ასახავდა 5 წლიან გარემოსდაცვით სამოქმედო გეგმას და თავისი დანიშნულებით იყო საკმაოდ პროგრესული. ამ გეგმის მიხედვით, ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაცვის სფეროში ძირითად პრიორიტეტებად გამოიყო წყლის რესურსების, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა, ნარჩენების მართვა და სხვა. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვის მოქმედებათა პირველ ეროვნულ პროგრამაში შემავალი ღონისძიებების უმრავლესობის განხორციელების პერსპექტივა, ქვეყანაში არსებული საფინასო-საბიუჯეტო პრობლემებიდან გამომდინარე, იყო არარეალისტური და ასეც მოხდა, განხორციელდა მხოლოდ ის გარემოსდაცვითი საქმიანობები, რომლებიც სხვადასხვა დონორი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით დაფინანსდა.

1997 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცდა დოკუმენტი- „ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის ძირითად მიმართულებათა შესახებ“. მასში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ეკოლოგიის სფეროში ისეთი ამოცანების გადაწყვეტას, როგორიც იყო: ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის რაციონალური გამოყენება,  დაცვა და მათი კვლავწარმოებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, გარემოსდაცვითი საქმიანობის ინტეგრირება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში, გარემოს დაცვის სფეროში სამართლებრივი ბაზის სრულყოფა, საერთაშორისო ინტეგრაციის აქტივიზაცია გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის მიზნით, საზოგადოების ეკოლოგიური განათლებისა და ეკოლოგიური კულტურის ამაღლება და სხვა. ამ ამოცანების გადაჭრის მიზნით შემუშავდა მიზნობრივი პროგრამები, რომელთაგან 5 აისახა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატურ გეგმებში.

შემუშავდა ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების სტრატეგიული გეგმა, რომლის ფარგლებშიც, ძირითადად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით, შეიქმნა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. ასევე (რამსარის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში) შეიქმნა კოლხეთის ეროვნული პარკი.

ბენზინის წვისას გაფრქვეული ტყვიის გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებისა და ატმოსფერული ჰაერის სისუფთავის ხარიხის გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა და დამტკიცდა ეროვნული პროგრამა „საქართველოში ტყვიაშემცველი ბენზინის  ხმარებიდან ამოღების შესაძლებლობათა შესწავლის შესახებ“. ოზონის შრის დაცვის პრობლემური საკითხების გადაჭრასთან მიმართებაში შემუშავდა „ოზონდამშლელ ნივთიერებათა ხმარებიდან ამოღების ეროვნული პროგრამა“, რომელიც მოწონებულ იქნა და დამტკიცდა მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის საზედამხედველო საბჭოს მიერ.

ეკოლოგიის სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკოლოგიური პრობლემების კოორდინირებულად დაძლევის მიზნით,  საქართველოს მთავრობის მიერ ხელი მოეწერა ორმხრივ ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და საბერძნეთთან. საქართველო მიუერთდა 22 საერთაშორისო კონვენციას და აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო გარემოსდაცვის პროგრამებთან. მათგან შეიძლება გამოიყოს: გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი, გაეროს პროგრამა, მსოფლიო ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა, ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტო, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია და ა.შ.

გარემოზე ზემოქმედების პრევენციის, ეკოლოგიური პრობლემების იდენტიფიცირებისა  და სტატისტიკური აღრიცხვიანობის პრობლემების გადაჭრის მიზნით, დაიწყო მუშაობა საქართველოს გარემოს მონიტორინგის ერთიანი სისტემის შექმნაზე.

ამ პერიოდში საქართველოში ადგილი ჰქონდა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ 1972 წელს შემოტანილი პრინციპის „გამჭუჭყიანებელი იხდის“ დამკვიდრების მცდელობას, რითაც ქვეყნის  ხელისუფლებამ, ეკოლოგიური პოლიტიკის განხორციელების პირდაპირი რეგულირების მეთოდთან ერთად, გადაწყვიტა საბაზრო რეგულატორების დამკვიდრება და შეეცადა მათი ოპტიმალური შეთანაწყობის მოდელის მოძებნას. 1999 წელს შემუშავდა ინსტრუქცია მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახდის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ. ამავე წელს შემუშავდა აგრეთვე ინსტრუქცია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი. 1996-2000 წლებში, საქართველოს მაშინდელი ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის ბიუჯეტში ჩაირიცხა 20, 5 მლნ ლარი, ხოლო მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადებიდან ბიუჯეტში თავმოყრილი თანხების მოცულობამ კი შეადგინა 39, 5 მლნ ლარი.

გარდა უკვე აღნიშნული ღონისძიებებისა, ამ პერიოდში ხელისუფლების მიერ დეკლარირებული იყო ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის სრულყოფის ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: ენერგოეფექტურობის გაზრდისა და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების პროგრამების მომზადება; აგრობიომრავლფეროვნების აღდგენის, კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების კონცეფციის მომზადება; საყოფაცხოვრებო და საწარმოო ნარჩენების გადამუშავების საინვესტიციო პროექტების მომზადება და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში წარდგენა; პროექტის „მდინარე მტკვრის წყლის ხარისხის მონიტორინგი და შეფასება აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ერთად“  განხორციელება; შავი ზღვის სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის პოექტის განხორციელება; შავი ზღვის დაცვის და რეაბილიტაციის სტრატეგიულ მოქმედებათა ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული საინვესტიციო პროექტების მომზადება და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისათვის წარდგენა;გარემოსდაცვითი განათლების სისტემის განვითარების პროგრამის მომზადება და რეალიზაცია და სხვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი ღონისძიებების უმრავლესობის განხორციელება იმ დროისათვისაც, ისე, როგორც პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირველ წლებში, ქვეყანაში არსებული ფინანსური წესრიგისა და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იყო არარეალისტური და ვერც განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეკოლოგიური პოლიტიკის რეალიზაცია დაიწყო ეკონომიკური და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით და განხორციელდა გარკვეული გარემოსდაცვითი ღონისძიებები, ქვეყანაში ეკოლოგიური  მდგომარეობა კვლავ არასახარბიელო რჩებოდა და კიდევ უფრო მწვავდებოდა გარემოს დაცვის ეკონომიკური პრობლემები.

2003 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ მთავარ ამოცანად მიიჩნია ეკონომიკური განვითარება. ეკოლოგია, დეკლარირებული განცხადებების მიუხედავად, არც ამჟამად  აღმოჩნდა პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტი და საფუძველი ჩაეყარა ლიბერალურ ეკოლოგიურ პოლიტიკას. ეს მაშინ როცა ეკონომიკური პროცესების გააქტიურებამ გაზარდა მრეწველობის, ენერგეტიკის, საავტომობილო ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის უარყოფითი ზეგავლენა ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და მიწის რესურსების სისუფთავის მდგომარეობაზე, არ შემცირებულა არც პირადი, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენებით გარემოს გაჭუჭყიანების მასშტაბები და არ შექმნილა ნარჩენების მართვის ეფექტიანი მოდელი.

2005 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია, სადაც შეფასდა საქართველოს წინაშე არსებული ეკოლოგიური გამოწვევები, განისაზღვრა ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები. კერძოდ, გარემოს გაჭუჭყიანების მინიმიზაციის მიზნით ღონისძიებების გატარება, ატმოსფერული ჰაერისა და ნიადაგის გაჭუჭყიანების წყაროებზე კონტროლის დაწესება, საქართველოს ტერიტორიის გაწმენდა რადიაქტიური ნარჩენებისა და სარაკეტო საწვავისაგან, საკვების უსაფრთხოების ურუნველყოფა და ეკოლოგიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროპისა და გაეროს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან ჰარმონიზაცია.  აქვე აღნიშნულია საქართველოს ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვაში საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ.

ეკოლოგიის სფეროში სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიმართულებით მიღებული იქნა შემდეგი კანონები: ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ (2007), გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ (2007), თბილისის ეროვნული პარკის შესახებ (2007), ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთვის მოსაკრებლის შესახებ (2004), ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ (2007), ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ (2012),  საქართველოს ტყის ფონდის მართვის შესახებ ( 2011) და სხვა. მოხდა ისეთ ახალ კონვენციებსა და ოქმებთან მიერთება, როგორიცაა: კერძოდ, კიოტოს ოქმი, გაეროს კონვენცია მდგრადი დამაბინძურებლების შესახებ, ბიოლოგიური მრავალფეროვნების  კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმი, შეთანხმება საქართველოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებული გარანტიების თაობაზე და სხვა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 2006 წელს დამტკიცებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, ფორმულირდა საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართულებებიც. ამ დოკუმენტის მიხედვით განისაზღვრა ისეთი მიზნები, როგორიცაა: გარემოს დაცვის მმართველობის შესაბამისი პირობების შექმნა, გარემოს დეგრადაციის პრევენციისათვის ღონისძიებების განხორციელება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური მოხმარება და სხვა. და, რაც მთავარია, გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ამ გეგმის მიხედვით, საქართველო ყოველწლიურად ანგარიშს უგზავნის ევროკავშირს, რომელიც მის საფუძველზე იძლევა შემდგომ რეკომენდაციებს.

საქართველოს კანონის „გარემოს დაცვის შესახებ“ შესაბამისად, ჰოლანდიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 2012 წელს მიღებულ იქნა გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამა, რომელიც მოიცავს 2012-2016 წლებს. ამ პროგრამაში 11 თემატური სფეროსათვის (წყლის რესურსები, ატმოსფერული ჰაერი, ნარჩენები, შავი ზღვა, ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიები, ტყე და სატყეო მეურნეობა, მინერალური რესურსები, კატასტროფები, ბირთვული და რადიაციული უსართხოება და კლიმატის ცვლილება) გაანალიზებულია ძირითადი პრობლემები და მათი გამომწვევი მიზეზები, გაშუქებულია განხორციელებული გარემოსადაცვითი ღონისძიებები, მიმოხილულია ეროვნული და საერთაშორისო გარემოსადაცვითი პროცესები და მოცემულია სამართლებრივი ბაზის შეფასება. პროგრამით განისაზღვრა მთელი რიგი გრძელვადიანი მიზნები, რომლებიც უკავშირდება ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას, ატმოსფერული ჰაერის სისუფთავის მაღალი ხარისხის მიღწევას, ტყეების საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას, საქართველოს უნიკალური ეკოსისტემების, სახეობათა მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების დაცვას, საქართველოს მთელი მოსახლეობის უსაფრთხო სასმელი წყლით უზრუნველყოფასა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ამ პროდუქტით საერთაშორისო ბაზარზე შესვლის გზით და ა.შ. მასში აგრეთვე დეკლარირებულია მდგრადი განვითარების უალტერნატივობა ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების საქმეში და საერთაშორისო ეკოლოგიური ინტეგრაციის აუცილებლობა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქვეყნის ხელისუფლებამ აირჩია ლიბერალური ეკოლოგიური პოლიტიკის მოდელი, რომელიც იმპერატიულად ეფუძნება ადმინისტრაციული მეთოდებით გარემოსდაცვითი პროცესების რეგულირებას და მის მიერ იქნა დეკლარირებული ქვეყნის ეკოლოგიური კანონმდებლობის საერთაშორისო, განსაკუთრებით ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი ჰარმონიზაციის მიღწევა. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში საერთაშორისო სტანდარტებთან ეტაპობრივი დაახლოების ნაცვლად,   განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, პირიქით, შორდებოდა მას. ამის მაგალითებს წარმოადგენს  ცვლილებები კანონში „ნებართვების შესახებ“, კანონში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, რის საფუძველზეც გაუქმდა წყალაღებისა და წყალჩაშვების ნებართვა. „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით კი გარემოზე ნეგატიური ზემოქმედებისა და მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ სუბიექტს სამინისტროსთან მოლაპარაკებებისა და გარკვეულ თანხაზე შეთანხმების საშუალება ეძლეოდა, რაც, ცხადია, ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა კორუფციული სისტემის ჩამოსაყალიბებლად.

ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, კრიზისული ეკოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, გაგრძელდა და დღემდე გრძელდება ეკოლოგიური პოლიტიკის რეალიზაციის პირდაპირი რეგულირების მექანიზმის გამოყენება და შენარჩუნდა ლიბერალური ეკოლოგიური პოლიტიკა.

სამართლებრივი დოკუმენტებიდან და პროგრამებიდან პირველ რიგში უნდა გამოიყოს 2013 წელს პარლამენტის მიერ დამტკიცებული სამთავრობო პროგრამა, რომელშიც განსაზღვრულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებები. კერძოდ, ევროკავშირისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით რეკომენდებული გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვა, ეკოლოგიური საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, ნარჩენების მართვის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, სატყეო რეფორმის გატარება და სხვა.

ეკონომიკის ეკოლოგიზაციის აუცილებლობა, გარემოს დაცვაზე ორიენტირებული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, „მწვანე ეკონომიკის“ განვითარების მოდელის სტიმულირება, მყარი ნარჩენებისა და ბუნებრივი კატასტროფების ეფექტიანი მართვა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგების ნეიტრალიზება და ტყის რესურსების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის პრაქტიკის დანერგვა არის დეკლარირებული ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტში, როგორიცაა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - „საქართველო 2020“. თუმცა, უნდა  აღინიშნოს, რომ ამ დოკუმენტში ეკოლოგიური პრობლემები, მათი გადაჭრისათვის საჭირო ღონისძიებები და მოსალოდნელი შედეგები არ არის სათანადო მასშტაბით წარმოდგენილი.

გარდა ამისა, ამ პერიოდში იქნა მიღებული ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა: საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა (მოიცავს 2014-2020 წლებს), ქვეყნის გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამა (მოიცავს 2014-2022 წლებს) და საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ  ხელისუფლებამ გაიაზრა რა, რომ ეკოლოგიურ პრობლემებს გააჩნია რეგიონული და  ინტერსექტორული ხასიათი, დაიწყო გარემოსდაცვითი საკითხების ასახვა სექტორული განვითარების გეგმებში, ასევე რეგიონების განვითარების პროგრამებში. კერძოდ, გარემოსდაცვითი ღონისძიებები აისახა 2012-2013 წლების მთავრობის მიერ დამტკიცებულ  რეგიონული განვითარების სტრატეგიებში. 2015-2017 წლების რეგიონული განვითარების პროგრამაში ასახულია კატასტროფების მართვასთან, ძველი სამრეწველო ობიექტების ტერიტორიების გაჭუჭყიანების შემცირებასა და მდგრადი სატყეო სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელა საერთაშორისო თანამშრომლობის აქტივიზაციის პროცესი გარემოს დაცვის სფეროში და ხელი მოაწერა სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებას. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს გაფორმებული შეთანხმება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს ქვეყანაში ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში არსებული ეკოლოგიური პოლიტიკის ფორმირებას. ამ დოკუმენტით უნდა მოხდეს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი ჰარმონიზაციის პროცესის უზრუნველყოფა. ის მოიცავს ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის რესურსების, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის, სატყეო მეურნეობის დაცვისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს.

დღეისათვის ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის სფეროს სამართლებრივი ბაზის სრულყოფა ძირითადად ხორციელდება უკვე არსებულ კანონებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანით, თუმცა გარემოს  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულია და საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია  რამდენიმე კანონპროექტი.

პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალზე მნიშვნელოვანი იყო ეკოლოგიური პოლიტიკის ფარგლებში დეკლარირებული გარემოსადაცვითი ღონისძიებების განხორციელების ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები.  ამ მხრივ განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა იყო ეკოლოგიური პოლიტიკის ფორმირების საწყის ეტაპზე. ხელისუფლება პირდაპირ აცხადებდა სხვადასხვა ეკოლოგიური პროგრამების განუხორციელებლობის მიზეზად საბიუჯეტო დაფინანსების უკმარისობას. შემდეგ პერიოდში სიტუაცია ოდნავ გამოსწორდა, ხოლო თანამედროვე პირობებში კიდევ უფრო მოიმატა ბიუჯეტის ხარჯებმა გარემოსდაცვითი ღონისძიების დაფინანსებაზე. თუმცა, ის მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირისა და მსოფლიოს ეკოლოგიურად მოწინავე  ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს  და ამ ფაქტორის გათვლისწინებითაც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკოლოგია ჯერ კიდევ ვერ გახდა ხელისუფლების ეკონომიკური და პოლიტიკური პრიორიტეტების სფერო, რაც ოპტიმალური ეკოლოგიური წონასწორობის მიღწევის ამოცანას გადაჭრის.

დასკვნა და რეკომენდაციები

დასკვნის სახით შეიძლება აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკოლოგიური  პოლიტიკა (მისი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და ინსტიტუციური (განსაკუთრებით ბოლო სამთავრობო სტუქტურული ცვლილების შედეგად ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებით) ასპექტები)  არსებითად ვერ უზრუნველყოფს ეკოლოგიური გამოწვევების  გამკლავებას და მდგრადი განვითარების მოდელის რეალიზაციის უზუნველყოფას. აუცილებელია მისი ევროკავშირისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ანალოგიურ პოლიტიკებთან კონვერგენცია და ჰარმონიზაცია. ამ მიზნით საჭიროა სხვადასხვა სახის კონცეპტუალური და პრაქტიკული ამოცანების გადაჭრა. კერძოდ: ეკოლოგიური პოლიტიკის განხორციელებაში მიზნობრივი და სისტემური მიდგომების ფართოდ გამოყენება, რაც გულისხმობს კონკრეტული ეკოლოგიური პრობლემის იდენტიფიცირებას და უშუალოდ მის დაძლევაზე მიმართული ინოვაციური მექანიზმის შემუშავებას; ტექნიკურ-ეკონომიკურ, პროდუქტულ, ორგანიზაციულ, მარკეტინგულ და სოციალურ ეკოლოგიურ ინოვაციებზე მოთხოვნის ზრდის სტიმულირება (სახელმწიფო „მწვანე „შესყიდვები, ახალი სამშენებლო ნორმების ფართოდ დანერგა ენერგოეფექტიანობის გაზრდის მიზნით და სხვა);  გაჭუჭყიანების უფლებათა ბაზრის ფორმირება; გარემოს გაჭუჭყიანების ნორმებისა და სტანდარტების ოპტიმიზაცია; ეკოლოგიური და ეკოლოგიური ინოვაციების მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის შექმნა; ეკოლოგიური ექსპერტიზის, ეკოლოგიური აუდიტის, ეკოლოგიური დაზღვევის, ეკოლოგიური სერტიფიკაციის და ბუნებათსარგებლობის   მართვის სხვა ინსტრუმენტების დანერგვა ეკოლოგიური პოლიტიკის რეალიზაციის პროცესში; ეკოინოვაციების სფეროში კვლევების აქტივიზაციისათვის საგრანტო სისტემის შემოღება და ზოგადად ეკოინოვაციების სტიმულირების ახალი ფინანსური ინსტრუმენტების (შეღავათიანი დაკრედიტება, საგადასახადო შეღავათები, სუბსიდიები და სხვა) ფართოდ გამოყენება; ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების სტიმულირება; ეკოლოგიური სამართლებრივი ბაზის სრულყოფა და ეკოლოგიური პროგრამების, კონცეფციებისა და სტრატეგიების შემუშავება (მდგრადი განვითარების კონცეფცია, ეკოლოგიური დოქტრინა, ეკოლოგიური განვითარების სტრატეგია და სხვა) და ა.შ.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. აბესაძე რ. მდგრადი ეკონომიკური განვითარება - XXI საუკუნის გამოწვევა. პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტ. 1, თბ., “თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა”, 2008.
  2. აბესაძე რ. მდგრადი განვითარების ეკონომიკური ასპექტები.აკადემიკოს პაატა გუგუშვილის 110 წლისთავისადმი მიძღვნილისაერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული “ეროვნული ეკონომიკების მდგრადი განვითარების აქტუალური პრობლემები“, თბილისი, “თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა”, 2015.
  3. თოდუა ლ., მურღულია შ. მდგრადი განვითარება და საქართველოს რეფორმები.  shttp://weg.ge/wp-content/uploads/2012/11/lia_shota_geo.pdf
  4. ჩხეიძე თ., ხუსკივაძე მ. მდგრად განვითარებაზე გადასვლის ზოგიერთი აქტუალური საკითხი. პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი.  „ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ტენდენციები პოსტკომუნისტურ ქვეყნებში“. საქართველოს ეკონომისტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალები.  თბ.,  2007. 
  5. ხუსკივაძე მ. გარემოს დაცვის ეკონომიკური პრობლემები პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირობებში საქართველოში(თანაავტორობით). თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის შრომათა კრებული,. თბილისი, “თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა”, 2014.
  6. ხუსკივაძე მ. მდგრადი ეკონომიკური განვითარების პრობლემები და პერსპექტივები  გლობალიზაციის პირობებში საქართველოში. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული “ეროვნული ეკონომიკები და გლობალიზაცია”. თბილისი, “თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2012.
  7. ხუსკივაძე მ. ეკოლოგიური პოლიტიკის ფორმირების ეტაპები და ტენდენციები საქართველოში. 2015.
  8. გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამა (2014-2022). 2014
  9. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმება. 2014.
  10. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. საქართველო 2020. 2013.
  11. საქართველოსგარემოსდაცვის მოქმედებათამეორე  ეროვნულიპროგრამა (NEAP) (2012-2016), 2012
  12. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა (2014-2020 წლები)
  13.  საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია. 2015
  14. Власов Е.Я. Инновационные технологии природопользования в решении экологических проблем урбанизированных территорий. 2012
  15. Земцова Л.В. Экологические инновации и устойчивое развитие. 2014
  16. Колонтаевская И.Ф. Экологические инновации как фактор повышения качества жизни. 2013.
  17. Магомадова Х.А. Экологические инновации как фактор устойчивого социально-экономического развития. 2014.
  18. Матвеева Е.В.Экологическая политика Евросоюза. 2010.
  19. Мохаммад С.М. Экологическая политика Европейского Союза как пример системы международного экологического управления, 2013.
  20. Новая рамочная политика европейского союза в области климата и энергетики до 2030 года, Евразийский Журнал N3 (70) 2014.
  21. Инновационная Политика В поддержку «зелёных» технологии, руководство для директивных органов стран с переходной экономикой в Европе и Центральной Азии - Европейская Экономическая Коммиссия Организации Объединённых Нации
  22. Яковец Ю.В.Эпохальные инновации XXI  века. 2004.
  23. Leflaive, X. Eco-Innovation Policies in Japan. OECD, 2008.
  24.  Quality of Life Index // International Living. [Електронний ресурс]. – http://www.il-ireland.com/il/qofl2015/
  25. 2015 Environmental Performance Index (EPI) // Sedac socioeconomic data and applications center [Електронний ресурс]. – Режим доступу: http://sedac.ciesin. columbia.edu/es/epi/downloads.html.
  26. Explore the Data // The Heritage Foundation [Електронний ресурс]. – Режим доступу: http://www.heritage.org/index/explore?view=by-region-country-year
  27. Global Competitiveness Report 20014-20015 // World economic forum [Електронний ресурс]. – http://www3.weforum.org/docs/WEF_GlobalCompetitivenessReport_-10.pdf
  28. Human development statistical tables // Human Development Reports. [Електронний ресурс]. - http://hdr.undp.org/en/media/ HDR_2010_EN_Tables_reprint.pdf.
  29. http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1
  30. geostat.ge
  31. moe.gov.ge